top of page

ავთანდილ ვარსიმაშვილი

სამხატვრო ხელმძხვანელი

ავთანდილ ედუარდის ძე ვარსიმაშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1959, თბილისი)

თეატრისა და კინოს რეჟისორი, სცენარისტი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,თავისუფალი თეატრის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უნივერსიტეტის რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ორგანიზაცია „შექსპირის თეატრის“ (აშშ) სრულუფლებიანი წევრი. კინოსტუდია „Vars-studio"-ს მფლობელი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, ედუარდ ვარსიმაშვილისა და რიმა მოსეშვილის ოჯახში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1981 წელს.

1992-1996 წლებში იყო „კავკასიის ტელე-რადიო კომპანიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 1997 წელს დააარსა „თეატრალური სარდაფი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე; 1999 წლიდან გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,  2001 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა „თავისუფალი თეატრი“.  ვარსიმაშვილს საქართველოს გარდა დადგმული აქვს სპექტაკლები უკრაინის, გერმანიის, რუსეთის, ესტონეთის, ფინეთის თეატრებში. მისი პროდიუსერობით შეიქმნა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“ და მხატვრული ფილმი „ბამბაზიის სამოთხე“.

ვარსიმაშვილი არის საქართველოს სახელმწიფო (1999) და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი (2002), ღირსების ორდენის კავალერი (2005), აგრეთვე არაერთი ფესტივალის გამარჯვებული: Cinema Rimini-ს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (იტალია, 1991), რუსთავის თეატრალური ფესტივალი — „ოქროს ნიღაბის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის (1998), ლვოვის თეატრალური ფესტივალის პრიზი „ოქროს ლომი“, საუკეთესო რეჟისურისათვის (2002), რუსეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ზოლოტოი ვიტიაზის“ გრან-პრი „ოქროს რაინდი“ (2013), რუსეთის „მეგობრობის„ ორდენი (2006). პუშკინის მედალი (2016).

 

1994 წელს ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაიღო მისტიკურ-დრამატული ტელესერიალი „სახლი ძველ უბანში“, რომლის პროდიუსერი თავად არის. აგრეთვე გადაღებული აქვს სატელევიზიო მხატვრული ფილმები „ავადმყოფი გიცდით“ (1988) და „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ (2003, 2 სერია).

 

როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დადგმული აქვს ასობით სპექტაკლი.

გრიბოედოვის თეატრში ლეგენდარული სპექტაკლები:

ანტონ ჩეხოვი — „ცხოვრება მშვენიერია“ (2001)

„Russian bluz“ (2002)

მიხეილ ბულგაკოვი — „ოსტატი და მარგარიტა“ (2005)

ა. ცაგარელის - „ხანუმა“ (2005)

ჯოშუა სობოლი — „გეტო“ (2010)

ნიკოლოზ გოგოლი — „ქორწინება“ (2011)

ლევ ტოლსტოი — „ხოლსტომერი, ცხენის ისტორია“ (2012)

ნიკოლოზ გოგოლი — „რევიზორი“ (2015)

„ალჟირი“ (2017)

ნიკოლოზ გოგოლი - "შინელი" (2019)

ავთანდილ ვარსიმაშვილი პირველი რეჟისორი გახლავთ საქართველოდან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაში „ბუდაპეშტი 2023“

 

bottom of page